როგორც ინსპექცია განმარტავს, ზაფხულის სეზონზე ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან მაღალი ტემპერატურა ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების ალბათობას ზრდის.
ამ მიზეზით, შრომის ინსპექცია პირველ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრებს მართავს როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრების ფარგლებში მათ დეტალურად აცნობენ სიცხით გამოწვეულ საფრთხეებსა და იმ პრევენციულ ღონისძიებებს, რომელთა გატარებაც სამუშაო პროცესში აუცილებელია.
საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის დასრულების შემდეგ კი, შრომის ინსპექცია ინსპექტირების პროცესს გაააქტიურებს.
უწყების ცნობით, ინსპექტირებისას შეფასდება, რამდენად სწორად აფასებენ კომპანიები რისკებს და გეგმავენ სამუშაო პროცესს, უზრუნველყოფენ თუ არა დასაქმებულებს სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო პირობებით, იყენებენ თუ არა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და რამდენად არიან თანამშრომლები ინფორმირებულები სიცხესთან დაკავშირებული საფრთხეებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
შრომის ინსპექციის სამსახურის განმარტებით, აღნიშნული ღონისძიებების მიზანია მაღალი ტემპერატურის პირობებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების პრევენცია.