janmedi
ავერსი ნემო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, ილია ჯალაღანიასთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის, „გარდაბნის მეცხოველეობის“ ფერმა დაათვალიერა. მინისტრმა კომპანიის წარმომადგენლებისგან მეურნეობის საქმიანობისა და განვითარების გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, შპს „გარდაბნის მეცხოველეობა“ ორ ფერმას ფლობს. სოფელ სართიჭალაში მდებარე ფერმა მეხორცული მიმართულებისაა, ხოლო სოფელ ლემშვენიერაში არსებული მეურნეობა სანაშენე მიმართულებით საქმიანობს.

„მნიშვნელოვანია, ქვეყანაში გაიზარდოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფერმების რაოდენობა და გაძლიერდეს როგორც სანაშენე, ისე მეხორცული და მერძეული მიმართულებები. სწორედ ამიტომ, ახალ აგროთანადაფინანსების პროგრამაში მეცხოველეობის მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა და გათვალისწინებულია კონკრეტული მექანიზმები ფერმების განვითარებისა და წარმოების გაფართოებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი წარმოების ზრდას, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას და კონკურენტუნარიანი მეცხოველეობის სექტორის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ფერმების მოწყობისა და საქმიანობის განვითარების მიზნით კომპანიამ 2024-2026 წლებში რამდენჯერმე ისარგებლა პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. პროგრამის ფარგლებში მიღებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ კომპანიის საწარმოო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყო ხელი.

პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში 2012-2026 წლებში საქართველოს მასშტაბით მესაქონლეობის განვითარების მიზნობრიობით კომერციული ბანკების მიერ 709.5 მლნ ლარის ღირებულების სესხებია გაცემული, ხოლო სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 156.3 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის, ქვემო ქართლის რეგიონში გაცემულია 138.3 მლნ ლარის ღირებულების სესხები, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ კი 31.8 მლნ ლარი შეადგინა.

სოფლის განვითარების სააგენტო მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერას მიმდინარე წლის 1 ივლისიდან „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში აგრძელებს. პროგრამა მიზნად ისახავს აგროსექტორში წარმოების განვითარებასა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შექმნის ხელშეწყობას.

მეცხოველეობის ფერმაში, მინისტრთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

74