სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა.
პროექტი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთს მოიცავს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის გვერდის ავლით ახალი საავტომობილო გზის მოწყობას, რაც დასახლებაში სატრანზიტო მოძრაობის შემცირებას, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვასა და გადაადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
სატენდერო დოკუმენტის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 143 862 240 ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება კი 2027 წლის 6 იანვარს დაიწყება და 11 იანვარს დასრულდება.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, არსებული საავტომობილო გზა დაბა სტეფანწმინდის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის. შედეგად, დასახლებაში გამავალი სატვირთო ავტომობილები მუდმივ ხმაურს, ვიბრაციასა და გარემოს დაბინძურებას იწვევს.
ამასთან, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, სათანადოდ არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება და არსებული გზის პარამეტრები გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სტეფანწმინდის შემოსავლელი გზის მშენებლობის პირველი ეტაპი მოიცავს მოსამზადებელ სამუშაოებს, მიწის ვაკისის მოწყობას, წყალგამტარი მილებისა და სადრენაჟო ნაგებობების მშენებლობას, ახალი ხიდების მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობასა და საგზაო საფარის დაგებას.
პროექტით გათვალისწინებულია სამი ახალი ხიდის მშენებლობა. მათგან ორი მდინარე თერგზე, ერთი კი მდინარე ჩხერეზე უნდა მოეწყოს.
ასევე დაგეგმილია რამდენიმე წრიული მოძრაობის კვანძის მოწყობა, მათ შორის საპროექტო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე და სტეფანწმინდის მიმართულებით არსებულ გზასთან მიერთების ადგილზე.
დოკუმენტაციაში გათვალისწინებულია გერგეთის სამებასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობაც.
სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში საჭირო იქნება არსებული ინფრასტრუქტურის ნაწილის გადატანაც.
კერძოდ, პროექტი ითვალისწინებს წყალსადენი მილების, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებისა და საშუალო და დაბალი წნევის გაზსადენების გადალაგებას.
ამასთან, მოეწყობა გზის განათება, საგზაო ნიშნები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. გათვალისწინებულია ტერიტორიის გამწვანებაც.
სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელი ვალდებული იქნება, სამუშაოები მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ლაბორატორიული გამოცდები.
განსაკუთრებული მოთხოვნებია განსაზღვრული ასფალტის საფარის მიმართაც. უნდა შემოწმდეს ასფალტის ფენებს შორის შეჭიდება, გზის ზედაპირის მოჭიდების მაჩვენებელი, საფარის სისწორე და კონსტრუქციის მზიდუნარიანობა.
ამასთან, ხიდების მშენებლობისას გამოყენებული სადეფორმაციო ნაკერები და საყრდენი ნაწილები ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
აღსანიშნავია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდინარეების, ხევებისა და ღვარცოფული პროცესების გათვალისწინებას.
საინჟინრო-გეოლოგიური შეფასების მიხედვით, გზის ბოლო მონაკვეთი, რომელიც მდინარე ჩხერის კალაპოტს კვეთს, ღვარცოფული მოვლენების თვალსაზრისით შედარებით მაღალი რისკის ზონად არის მიჩნეული.
შესაბამისად, საპროექტო გადაწყვეტილებებში გათვალისწინებულია შესაბამისი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა.