jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 დღეს, თბილისში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია MULTIMODAL TRANSPORT AND TRANSIT FORUM 2024 გაიმართა, რომელსაც 14 ქვეყნის ასამდე დელეგატი დაესწრო.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო ფორუმზე, ასევე, მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე საუბარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირებას და ე.წ. ცენტრალურ შუა დერეფანს შეეხებოდა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივნის, ვასო ურუშაძის განცხადებით, „თუ ჩვენ შევასრულებთ ისტორიულ ფუნქციას და იმ მისიის მატარებელი ვიქნებით, რომ საქართველო სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ეს ნიშნავს ათი ათასობით დამატებით ადგილს საქართველოში, რომელიც მაღალანაზღაურებადი იქნება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება“.

„საქართველოსთვის დღეს შუა დერეფნის განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პრობლემების იდენტიფიცირება და ამ საკითხებზე მსჯელობა არის უმნიშვნელოვანესი. დღეს, 14 ქვეყნის ასამდე დელეგატი არის შეკრებილი თბილისში და მსჯელობენ იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომელიც არის ე.წ. ცენტრალურ შუა დერეფანში. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენ არ გვაქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არ გვაქვს დასრულებული ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, არ გვაქვს ლოგისტიკური ცენტრები, რომელიც ქუთაისში და კუმისში უნდა აშენებულიყო და ასევე არ გვაქვს თანამედროვე აეროპორტი, რომელიც ჰაბის ფუნქციას შეასრულებდა. ეს არის ის გამოწვევები, რომელ გამოწვევებზეც უნდა მუშაობდეს ხელისუფლება და აგვარებდეს პრობლემებს, რადგან საქართველო არ არის ცალკე აღებული სახელმწიფო, ჩვენ ვართ გლობალური ეკონომიკის ნაწილი და ისტორიული აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყანა. ჩვენს დერეფანზე გადის დერეფანი, რომელიც აკავშირებს საფრანგეთს ჩინეთთან, ცენტრალურ აზიას ევროპასთან და მნიშვნელოვანია ჩვენ ეს გავაცნობიეროთ და სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ამ ადამიანებთან საუბარი, ინვესტორებთან სწორი კომუნიკაცია და საქართველოს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა. თუ ჩვენ შევასრულებთ ისტორიულ ფუნქციას და ვიქნებით იმ მისიის მატარებელი, რომ საქართველო სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი გახდეს, ეს ნიშნავს ათი ათასობით დამატებით ადგილს საქართველოში, რომელიც მაღალანაზღაურებადი იქნება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

286