თებერვალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 17.1%-ით, 295.3 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა. ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა – 14.8%-ით, 33.0 მლნ აშშ დოლარამდე – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ეროვნული ბანკის ცნობით, ზრდაში წამყვანი კონტრიბუცია ევროკავშირიდან მიღებულმა ფულადმა გზავნილებმა შეიტანა წლიური 19.8%-იანი ზრდით. 14.4%-ით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან მიღებული გზავნილები. რუსეთის დადებითი კონტრიბუცია კი თებერვალში 2.3 პროცენტულ პუნქტს გაუტოლდა.
„თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 45.4%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 18.4%-იანი წილით აშშ და 11.9%-იანი წილით რუსეთი წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის (18.8%), გერმანიის (8.5%) და საბერძნეთის (7.9%) მაღალი წილი“, – აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.