janmedi
ავერსი ნემო
კასპიისა და შავი ზღვის რეგიონები წყალქვეშა ენერგეტიკული და საკომუნიკაციო მაგისტრალების მთავარ კვანძად ყალიბდება - ამის შესახებ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ ერთობლივი საწარმოს (GECO) ხელმძღვანელმა იუსიფ გაიბოვმა რუმინეთის პარლამენტში, ბუქარესტის მე-15 ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.

 

გამოცემა Trend.az-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და ენერგოკომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რეგიონის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და განვითარების საკითხები განიხილეს.

როგორც გამოცემა წერს, იუსიფ გაიბოვის თქმით, პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის ოთხი ძირითადი პირობის შესრულებაა აუცილებელი, მათ შორის, ფინანსური რესურსების მობილიზება, ქვეყნებს შორის მარეგულირებელი ბაზის შეჯერება, მიწოდების ჯაჭვების გამართული მუშაობა და წყალქვეშა კაბელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჯერ კიდევ დაპროექტების ფაზაში.

პროექტის საინვესტიციო პაკეტი 22 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ თანხიდან 14.3 მილიარდი ევრო უშუალოდ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის მოწყობას მოხმარდება, 7.8 მილიარდი ევრო კი განახლებადი ენერგიის ახალი სიმძლავრეების შესაქმნელად დაიხარჯება.

რაც შეეხება ტექნიკურ მაჩვენებლებს, მაღალი ძაბვის მუდმივი დენის (HVDC) კაბელი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს შავი ზღვის გავლით რუმინეთთან და უნგრეთთან დააკავშირებს, ჯამში 3.9 გიგავატ სიმძლავრეზეა გათვლილი.

სისტემა სამი 1.3-გიგავატიანი ხაზისგან შედგება და როგორც Trend.az-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი, “მწვანე ენერგიის დერეფნის" ერთობლივი კომპანიის (GECO) აღმასრულებელი დირექტორის, იუსიფ გაიბოვის განცხადებით, პირველი ხაზის ამუშავება 2032 წელს იგეგმება, 2040 წლისთვის კი დერეფანი სრული სიმძლავრით დაიტვირთება.

ბუქარესტში დაფუძნებულ კომპანია GECO-ს ოთხივე მონაწილე ქვეყნის სახელმწიფო ოპერატორი (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აზერბაიჯანული „აზერენერჯი“, რუმინული Transelectrica და უნგრული MVM) თანაბარი, 25-25%-იანი წილით ფლობს.

აღნიშნული პროექტი უკვე შესულია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიან განვითარების გეგმაში (1248 და 1244 ნომრებით).

შეგახსენებთ, რომ ოთხმხრივ სტრატეგიულ შეთანხმებას ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს, ევროკომისიის ჩართულობით მოეწერა, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგები კი ბაქოში მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს წარადგინეს.

45