golden brand
ავერსი ნემო

პაპი, ლეო XIV ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე კომისიას ქმნის. პაპმა ეს ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენებით, „ადამიანებისა და მთლიანად კაცობრიობისთვის მისი პოტენციური შედეგითა და ამაზე ეკლესიის შეშფოთებით“ ახსნა - ამის შესახებ Politico წერს.

ვატიკანის ახალი ორგანო ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე კათოლიკური ეკლესიის რეაგირების კოორდინაციისთვის იქმნება.

ეს ნაბიჯი პაპ ლეოს პირველი ენციკლიკის, ანუ სამწყსო წერილის წინა დღეს გადაიდგა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტისადმი ეთიკურ მიდგომას პრიორიტეტს მიანიჭებს. მან ხელი მოაწერა ენციკლიკს, რომელიც პაპმა ეპისკოპოსებს მორალურ საკითხებზე მითითებების ან რეკომენდაციების მისაცემად დაუგზავნა.

გამოცემის ცნობით, პაპის ახალი ენციკლიკი, რომელიც უახლოეს კვირებში გამოქვეყნდება, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის საკითხს ეკლესიის სოციალური სწავლების კონტექსტში განიხილავს, რომელიც, ასევე, ისეთ თემებს მოიცავს, როგორიც არის შრომა, სამართლიანობა და მშვიდობა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პაპი, ლეო ხელოვნური ინტელექტის საკითხს ეხება. 2025 წლის მაისში არჩევიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში მან კარდინალებს განუცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია ვალდებულია, მსოფლიოს „თავისი სოციალური სწავლების საგანძური“ შესთავაზოს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ წარმოქმნილ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

ასევე, იმავე წლის ივნისში პაპმა ხელოვნური ინტელექტის მზარდი გამოყენების პოტენციური უარყოფითი შედეგი გააკრიტიკა. ხელოვნური ინტელექტის სიკეთის პოტენციალის აღნიშვნისას პაპმა სამწყსო მისი „ეგოისტური სარგებლისთვის ბოროტად გამოყენებისა“ და „კონფლიქტებისა და აგრესიის გაღვივების“ საშუალების პოტენციალის შესახებ გააფრთხილა.

72