tuyap
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 აშშ-ში ჩამოაგდეს ჩინეთის გიგანტური საჰაერო ბურთი, რომელიც, ვაშინგტონის მტკიცებით, ამერიკის თავზე სამხედრო ობიექტების თვალთვალისთვის გამოიყენებოდა. პენტაგონში ადასტურებენ, რომ საჰაერო ბურთი სამხედრო გამანადგურებლების გამოყენებით აშშ-ის ტერიტორიული წყლების თავზე ჩამოაგდეს. თავდაცვის უწყების ცნობით, აეროსტატი F-22-ის ტიპის თვითმფრინავმა ერთი რაკეტით ჩამოაგდო. სამხედროები ამჟამად ჩამოგდებული ბურთის ნაწილებს აგროვებენ, რათა შემდგომში შეისწავლონ ისინი.

 
„საჰაერო ბურთის შესახებ ოთხშაბათს მაცნობეს. იმავე დღეს პენტაგონს დავავალე მისი რაც შეიძლება მალე ჩამოგდება. ხმელეთზე ვინმესთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, მათ გადაწყვიტეს, რომ ამისთვის საუკეთესო დრო იქნებოდა წყლის თავზე. მათ წარმატებულად ჩამოაგდეს ის. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს მფრინავებს, ვინც ეს გააკეთა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
 
ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ საჰაერო ბურთი ჯაშუშური მიზნებისთვის გამოიყენება და აცხადებს, რომ ეს იყო გეზს აცდენილი მეტეოროლოგიური ხომალდი.
 
აეროსტატის ჩამოგდების შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება და პროტესტი გამოთქვა აშშ-ის მიერ სამოქალაქო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო.
 
„გადამოწმების შემდეგ ჩინურმა მხარემ არაერთხელ აცნობა ამერიკულ მხარეს, რომ საჰაერო ხომალდი სამოქალაქო გამოყენების იყო და აშშ-ის სივრცეში ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ეს იყო აბსოლუტურად შემთხვევითი ინციდენტი“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
 
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის თავზე გამოჩენილი ჩინური საჰაერო ბურთის გამო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.
326