ავსტრია და იტალია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტით, ბრენერის მთავარი გვირაბით ერთმანეთს დაუკავშირდა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით შენდება. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაში წერია, რასაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.
ევროკომისიის ცნობით, მაღაროელებმა 220-კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბის მშენებლობა დაასრულეს და ალპების ქვეშ ორი მთავარი სარკინიგზო გვირაბით ორი ქვეყანა ერთმანეთთან დააკავშირეს.
თუმცა, ბრენერის მთავარი გვირაბი ექსპლუატაციაში 2032 წელს შევა, რაც ავსტრიასა და იტალიას შორის სატრანსპორტო კავშირს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ევროპას შორის სარკინიგზო მიმოსვლას გააძლიერებს.
ახალი გვირაბი მგზავრებისა და ტვირთის გადაზიდვაში რკინიგზის როლს გაზრდის, ალპების გავლით საავტომობილო გზებზე საცობებს შეამცირებს და უფრო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტირებას ხელს შეუწყობს.
ევროკომისია პროექტს საერთაშორისო თანამშრომლობისა და საინჟინრო ოსტატობის მაგალითად მოიხსენიებს, რომელიც თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საშუალებით კონტინენტის ქვეყნებს აერთიანებს.
ამ გვირაბამდე ბრენერის უღელტეხილზე შექმნილი ვითარება ორ ქვეყანას შორის დავის საგანი იყო. კერძოდ, ბრენერის უღელტეხილზე მძიმე სატვირთო ავტომობილების შეზღუდვების გამო 2023 წელს იტალიამ ევროკავშირის სასამართლოში ავსტრიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რაც ბლოკის ერთი ქვეყნის მიერ მეორის წინააღმდეგ პირველი ასეთი ქმედება იყო.
იმავე წელს ჩრდილოელ მეზობლებთან იტალიის სატრანსპორტო კავშირი სერიოზულად შეფერხდა, რისი მიზეზიც ტექნიკური მომსახურების მიზნით მონბლანის გვირაბის, ხოლო უამინდობის გამო ალპების ქვეშ სხვა სარკინიგზო და საავტომობილო გადასასვლელების დახურვა იყო.