დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მინიჭების შემთხვევაში ასეთ პირს სამუშაოს დაწყების შემდეგ საცხოვრებელი ხარჯის დასაფარად, დაახლოებით, 10 000 გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.
ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რასაც BBC News ავრცელებს.
უწყება განმარტავს, რომ ზრდასრულმა მიგრანტებმა, რომლებსაც ლტოლვილის სტატუსი ან სამეფოში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის ნებართვა აქვთ მიღებული, ეს თანხა თანდათანობით უნდა დაფარონ, ვიდრე მუდმივ ბინადრობაზე განაცხადს წარადგენენ.
ყოველთვიური გადახდების დასაწყებად ასეთ პირთა საშემოსავლო ზღვარი სამინისტროს ჯერ არ დაუდგენია, თუმცა მომავალში გადახდის ოდენობის დაკორექტირების უფლებას იტოვებს.
„თავშესაფრის მიღება არამხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობაცაა. ადამიანებმა ამაში წვლილი უნდა შეიტანონ და ბრიტანელ ხალხს კეთილშობილებისთვის ვალი დაუბრუნონ. ჩვენ მოველით, რომ ისინი ამას გააკეთებენ,“ - აცხადებს სამინისტრო.