golden brand
ავერსი ნემო

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არალეგალი მიგრანტების მესამე ქვეყნებში დაბრუნების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

კანონს 418 ევროპარლამენტარი მიემხრო, 218 წინააღმდეგი იყო, ხოლო 30-მა თავი შეიკავა.

ახალი წესები მიზნად ისახავს დაბრუნების პროცედურის გამარტივებასა და დაჩქარებას. Euronews-მა ამ ცვლილებებს „ათწლეულების განმავლობაში ევროკავშირის მიგრაციული პოლიტიკის ყველაზე მკვეთრი მოსახვევი“ უწოდა.

 

კანონი ბლოკის გარეთ ე.წ. დაბრუნების ცენტრების შექმნის საშუალებას იძლევა, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებით მიგრანტები უნდა გაიგზავნონ, თუ მესამე ქვეყანა მათ მიღებას დათანხმდება. გამონაკლისი თანმხლები პირების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნებია.

ამის გარდა, კანონი არალეგალი მიგრანტების საცხოვრებელი ადგილების ან „სხვა შესაბამისი შენობების“ ჩხრეკის საშუალებას იძლევა. ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა ეს დებულება აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო პოლიციის (Immigration and Customs Enforcement-ICE) მიერ ჩატარებულ რეიდებს უკვე შეადარეს.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილებას თან დაერთვება ბლოკის შესაბამისი ტერიტორიის დაუყოვნებლივ ან განსაზღვრული ვადის განმავლობაში დატოვების ვალდებულება.

კანონი, ასევე, არალეგალი მიგრანტების დაკავების ვადას ექვსი თვიდან ორ წლამდე ზრდის, ხოლო საფრთხის რისკის შემცველი პირებისთვის დაკავების ვადა შესაძლოა, შეუზღუდავი იყოს.

ასევე, მკაცრდება ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვები და უმეტეს შემთხვევაში მათი ხანგრძლივობა 5-იდან 10 წლამდე გაიზრდება. საფრთხის რისკი შემცველად მიჩნეული პირებისთვის აკრძალვა შესაძლოა, მუდმივიც იყოს.

ამასთან, ახალი კანონი დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურას ცვლის. ამჟამად გადაწყვეტილების აღსრულება ავტომატურად ჩერდება სასამართლო საქმის განხილვის პერიოდში, ხოლო ახალი წესების თანახმად, ეს ავტომატური გარანტია უქმდება. სასამართლო თითოეული შემთხვევის მიხედვით გადაწყვეტს, შეაჩეროს თუ არა დაბრუნების გადაწყვეტილების აღსრულება.

ახალი კანონის ტექსტი ფორმალურად ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგაც ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში შევა. ზოგიერთი, მაგალითად, „დაბრუნების ცენტრებთან“ დაკავშირებული დებულება დაუყოვნებლივ, ზოგი კი კანონის ძალაში შესვლიდან 12 თვის შემდეგ ამოქმედდება.

2025 წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭომ მიაღწია პოლიტიკურ შეთანხმებას მიგრაციის „სოლიდარობის აუზის“ შექმნის შესახებ. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც მიგრაციულ ზეწოლას განიცდიან და როგორიც წელს საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია და კვიპროსია, დახმარების მიღებას სხვა წევრი სახელმწიფოებისგან შეძლებენ.

აპრილში გამოცემა Welt-მა ევროკომისიის კონფიდენციალურ ანგარიშზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე, ნორვეგიასა და შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებლების განაცხადების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით ნაკლები იყო.

ცნობისთვის: საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან 20-ეულშია. 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.

159