janmedi
ავერსი ნემო

 2030 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის აეროპორტებში ჩემოდნების პლასტიკურ ფირში შეფუთვა აღარ იქნება შესაძლებელი, რაც ამჟამად ბარგის დაზიანების, ჭუჭყის ან ტრანზიტის დროს შემთხვევითი გახსნისგან დასაცავად კეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი მოგზაურისთვის ნაცნობი სერვისი მალე წარსულს ჩაბარდება - ამის შესახებ “ევროპულსი” წერს.

ასევე, ევროპული სასტუმროებიდან შამპუნის, საშხაპე გელისა და სხვა საშუალებების მცირე ერთჯერად ბოთლებს ამოიღებენ.

ახალი წესები ევროკავშირის შეფუთვისა და შეფუთული ნარჩენების რეგულაციის ნაწილია. ის ისეთ ერთჯერად შეფუთვებს ზღუდავს, რომლებიც მოკლევადიანია და, თითქმის, მაშინვე იყრება.

ჩემოდნებისა და ჩანთების პლასტიკურ ფირში შეფუთვის სერვისი ევროპის რკინიგზის სადგურებიდანაც გაქრება.

თუმცა მგზავრები თავიანთი ბარგის დაცვას მაინც შეძლებენ, ოღონდ, სხვა გზებით. კერძოდ, ისინი მრავალჯერად გადასაფარებლებს, ქამრებს ან საკეტებს გამოიყენებენ. შეზღუდვა კონკრეტულად ერთჯერადი პლასტმასის შეფუთვას ეხება.

კოსმეტიკისა და პირადი მოვლის საშუალებების ერთჯერადი მინიშეფუთვების აკრძალვის შემდეგ სასტუმროები მრავალჯერადი გამოყენების დისპენსერებს დააყენებენ ან კლიენტებს პროდუქტებს სხვა შეფუთვაში შესთავაზებენ, რომელიც ახალ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ევროპის ბევრი სასტუმრო ამ ფორმატზე უკვე გადადის.

ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ისეთი შეფუთვების რაოდენობას შეამცირებს, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წუთის ან დღის განმავლობაში გამოიყენება. რეგულაციის მიზანი ნარჩენების შემცირება და კომპანიების წახალისებაა, რომ მრავალჯერადი გადაწყვეტები ხშირად გამოიყენონ.

2030 წლიდან მსგავსი შეზღუდვები კაფეებსა და რესტორნებზეც გავრცელდება. დაწესებულებებს აღარ ექნებათ უფლება, კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი და სხვა სოუსები მომხმარებლებს ინდივიდუალურ პლასტმასის კონტეინერებით მიაწოდონ. აკრძალვა, ასევე, ნაღების, შაქრის, მარილისა და სანელებლების პორციებზე გავრცელდება.

თუმცა ეს წესი ადგილზე მოხმარებულ საკვებზე გავრცელდება და გატანის ან მიტანის შეკვეთებისთვის ასეთი შეფუთვა დაშვებული დარჩება. გამონაკლისები, ასევე, ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის არის გათვალისწინებული.

70