ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ირანის მაღალი თანამდებობის პირთაგან უმეტესობა ლიკვიდირებულია.
„იმ ადამიანების უმეტესობამ, რომლებიც ყველა გადაწყვეტილებას იღებენ, დაგვტოვეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპს ზუსტი რიცხვი არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ მხოლოდ ორ ადამიანს არ გულისხმობს და ირანში ლიდერების დიდი რაოდენობა დაიღუპა.
კითხვაზე – ვინ შეცვლის ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის თანამდებობაზე, დონალდ ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ გარკვეულ მომენტში დამირეკავენ და მკითხავენ, ვისი ნახვა მსურს ამ თანამდებობაზე“.
აშშ-ის პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ ეს „ცოტა ირონიულად განაცხადა“.
„სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში სამხედრო დარტყმები „უკვე წარმატებულია“.
„ჩვენ მათ უზარმაზარი ზიანი მივაყენეთ. მათ აღდგენას წლები დასჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.