
ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ საშინელი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა“, - განუცხადა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას ჰორმოზგანის პროვინციის გუბერნატორმა, მოჰამად აშურიმ.
მოჰამედ აშურის ცნობით, ირანის პორტში, ბანდარ აბასში ხანძარი ჯერჯერობით სრულად ლიკვიდირებული არ არის.
შეგახსენებთ, ირანის უდიდეს პორტში, ბანდარ აბასში აფეთქება შაბათს, 26 აპრილს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქების შედეგად 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პორტის საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, აფეთქება ქიმიური მასალების საწყობში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა. ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ესკანდარ მომენიმ სახელმწიფო მედიას განუცხადა, რომ აფეთქება „დაუდევრობამ გამოიწვია და დამნაშავეები იდენტიფიცირებულები არიან“.