
ირანში ინტერნეტი მასშტაბურად გაითიშა. ინფორმაციას CNN არასამთავრობო ორგანიზაცია NetBlocks-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც მთელ მსოფლიოში გლობალურ ქსელზე წვდომას აკონტროლებს.
ორგანიზაციის ცნობით, „ოპერაციული მონაცემები მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის, თითქმის, სრულ გათიშვაზე მიუთითებს.“
ინციდენტი რეგიონში სიტუაციის მკვეთრი ესკალაციის ფონზე ინტერნეტის ნაწილობრივი გათიშვების სერიას მოჰყვა, რომელიც მანამდე დაფიქსირდა. NetBlocks აღნიშნავს, რომ ქსელის გათიშვა ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტის ესკალაციას დაემთხვა, რასაც ორმხრივი სარაკეტო დარტყმები ახლდა თან.
ასევე, სააგენტო, Reuters ქვეყანაში ახალი შეზღუდვების შესახებ წერს. კერძოდ, ირანის ხელისუფლებამ შეზღუდვები საწვავის შეძენაზე დააწესა. ნავთობის მინისტრ მოჰსენ პაკნეჯადმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ ზომები დეფიციტის თავიდან ასაცილებლად იქნა მიღებული. მისი თქმით, მოსახლეობის მომარაგება არ შეფერხდება.
Reuters, ასევე, იუწყება, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ, რომელმაც მშვიდობიან მოსახლეობას ირანის დედაქალაქის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა, თეირანი ათასობით მცხოვრებმა დატოვა. ამასთან, სამხრეთ-დასავლეთ თეირანის მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ ისრაელის ხელისუფლებამაც მოუწოდა, რომ ტერიტორია ისლამური რესპუბლიკის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე შესაძლო საჰაერო დარტყმებისთვის გაეთავისუფლებინათ.
ირანული მედიის ცნობით, დედაქალაქიდან ჩრდილოეთ პროვინციებში გასვლის გამო გზებზე დიდი საცობებია.