ნეაპოლსა და მის შემოგარენში 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელიც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ბიძგად სახელდება. ეპიცენტრი კამპი ფლეგრეის (Campi Flegrei) რაიონში, 2.6 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ძლიერი ბიძგები ნეაპოლის სხვადასხვა უბანში მკაფიოდ იგრძნობოდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიშის გამო ქუჩაში გამოვიდა. პიცოფალკონედან (Pizzofalcone) ფუორიგროტამდე (Fuorigrotta) ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა, ხოლო Enel-ის ელექტროგადამცემი ანძის ჩამონგრევის შემდეგ რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა Cumana-სა და Circumflegrea-ს სარკინიგზო ხაზების მოძრაობაც.
სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ათობით გამოძახება მიიღო ლიფტებში ჩარჩენილი ადამიანებისა და შენობებიდან ჩამოცვენილი ბათქაშისა და ნამსხვრევების გამო. შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ შენობების მდგრადობისა და უსაფრთხოების შემოწმებას.
მნიშვნელოვანი დაზიანებები დაფიქსირდა პოცუოლიში (Pozzuoli), რომელიც ეპიცენტრთან ახლოს მდებარეობს. ქალაქში ორ ადგილას ჩამოიშალა ტუფის კლდოვანი ფერდობი, რომელიც ვია ნაპოლის (Via Napoli) ზემოთ მდებარეობს. ერთ-ერთი ჩამოშლა კერძო საცხოვრებელი კომპლექსის ღია ტერიტორიაზე მოხდა, სადაც დაზიანდა ერთი ავტომობილი და მოტოციკლი. შემთხვევის დროს ადგილზე ადამიანები არ იმყოფებოდნენ და დაშავებულები არ არიან.
პოცუოლის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დაზიანებები განსაკუთრებით შეინიშნება ისტორიულ ცენტრში, ვია ნაპოლისა და ამფითეატრის მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე სოლფატარას (Solfatara) ზონაში. მუნიციპალიტეტში ასობით შეტყობინება შევიდა ჩამოცვენილი ბათქაშისა და ფასადების დაზიანების შესახებ. ამჟამად მიმდინარეობს ზარალის შეფასება და გადაუდებელი სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრა.
მოსახლეობის დახმარებისა და ვითარების კოორდინაციის მიზნით, პოცუოლის მუნიციპალიტეტმა უკვე აამოქმედა საოპერაციო საკოორდინაციო ცენტრი (COC). ამ დროისთვის სამაშველო და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები განაგრძობენ მონიტორინგსა და დაზიანებული ტერიტორიების შემოწმებას.