
Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონფლიქტის შემდეგ ერთ დღეში 34 მლრდ დოლარი დაკარგა. კერძოდ, 5 ივნისს, NASDAQ-ის ბირჟაზე ვაჭრობისას Tesla-ს აქციები 14.26%-ით დაეცა და აქციაზე 284.7 დოლარი შეადგინა.
Bloomberg-მა გამოთვალა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის კაპიტალიზაცია ერთ დღეში 150 მლრდ დოლარით, 915.75 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
NASDAQ-ის ბირჟის საღამოს ვაჭრობისას Tesla-ს აქციებმა დანაკარგების მხოლოდ მცირე ნაწილი აანაზღაურა, როცა აქციების ფასი 0.8%-ით გაიზარდა და აქციაზე 286.9 დოლარი შეადგინა.
ამდენად, ელექტრომობილების მწარმოებლის კოტირებების ჩამოშლის გამო, რომლის აქციებიც ილონ მასკის ქონების უმეტეს ნაწილს შეადგენს, მილიარდერის პირადი ქონება ერთ დღეში 33.9 მლრდ დოლარით შემცირდა.
Tesla-ს აქციები ხუთშაბათის ვაჭრობაზე მკვეთრად მას შემდეგ დაეცა, რაც მასკსა და დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტი საჯარო გახდა. ტრამპმა მასკის კრიტიკა თეთრ სახლში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრაზე დაიწყო. მოგვიანებით კამათი სოციალურ ქსელებში გადავიდა. კერძოდ, ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე, ხოლო მასკმა საკუთარ კომპანია xAI-ში შემავალ სოცილაურ ქსელ X-ზე ერთმანეთის წინააღმდეგ ბრალდებები გაცვალეს.
Axios-ის ცნობით, სკანდალის შედეგად, დაახლოებით, 1 მლრდ დოლარით ტრამპის ქონებაც შემცირდა, რაც Truth Social-ის მფლობელი კომპანია Trump Media & Technology Group-ისა და მემკოინ $TRUMP-ის კოტირებების ვარდნამ განაპირობა. კერძოდ, 5 ივნისის ვაჭრობის დასრულებისთვის Trump Media & Technology Group-ის აქციები 8%-ზე მეტად, ხოლო ტოკენის ფასი 10%-ზე მეტად დაეცა.
ზარალის მიუხედავად, ილონ მასკი, Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანებს შორის კვლავ პირველ ადგილზეა, რომლის ქონებაც 335 მლრდ დოლარად არის შეფასებული. სიმდიდრით მასკი Meta-ს აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგსა (241 მლრდ დოლარი) და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს (229 მლრდ დოლარი) უსწრებს.
ილონ მასკი 13%-იანი წილით Tesla-ს უმსხვილესი აქციონერია. ის, ასევე, 42%-იანი წილის მფლობელი სარაკეტო კომპანია SpaceX-შია. ამასთან, Bloomberg-ის გათვლებით, მიმდინარე წლის მარტში სოციალური ქსელ X-ისა და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ xAI-ის შერწყმის შემდეგ მასკი XAI Holdings-ის აქციების, დაახლოებით, 33%-ის მფლობელი გახდა.
ცნობისთვის: 5 ივნისს მასკმა X-ზე დაწერა, რომ მის გარეშე „ტრამპი არჩევნებს წააგებდა.” ხოლო აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ილონი ჭკუიდან შეიშალა და მას კონტრაქტების გაუქმებით დაემუქრა. მოგვიანებით მასკმა დონალდ ტრამპი პედოფილიის გახმაურებულ „ეპშტეინის საქმეს” დაუკავშირა, თითქოს, ის ამ ფაილებში არის მოხსენიებული და ამ „რეალური მიზეზის“ გამო ეს ჩანაწერები არ გასაჯაროებულა. ამასთან, მასკი ტრამპის იმპიჩმენტის იდეას დაეთანხმა.