gorgia
ავერსი legi

 მინდა, მკაფიოდ ვთქვა – არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის. ამ რეჟიმს მოჰქონდა სიკვდილი და რეპრესიები საკუთარი ხალხისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეკრებაზე განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ რეჟიმმა გამოიწვია დესტაბილიზაცია და ნგრევა რეგიონში.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას და ღირსეულ ცხოვრებას.

„თქვენ მოისმენთ განსხვავებულ შეხედულებებს იმის შესახებ, კონფლიქტი ირანში არის არჩევანი, თუ აუცილებლობა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დისკუსია აცდენილია მთავარ საგანს. ევროპა უნდა იყოს ფოკუსირებული შექმნილი სიტუაციის რეალობაზე, რომ დაინახოს სამყარო, როგორიც ის სინამდვილეში არის დღეს. და მინდა, მკაფიოდ ვთქვა – არ უნდა დავღვაროთ ცრემლები ირანის რეჟიმისთვის. ამ რეჟიმს მოჰქონდა სიკვდილი და რეპრესიები საკუთარი ხალხისთვის. მათ დახოცეს 17 ათასი ახალგაზრდა ადამიანი. ამ რეჟიმმა გამოიწვია დესტაბილიზაცია და ნგრევა რეგიონში მათი მარიონეტებისა და რაკეტების, დრონების გამოყენებით. ბევრმა ირანელმა, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში და ევროპაში იზეიმა აიათოლა ხამენეის სიკვდილი. მათ აქვთ იმედი, რომ ამ მომენტს შეუძლია, გზა გახსნას თავისუფალი ირანისკენ. ვფიქრობ, ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსეულ ცხოვრებას და უფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვიცით, რომ ამას თან ახლავს საფრთხე, დესტაბილიზაცია ომის დროს და შემდეგ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისვე თქმით, ახლა სახეზეა რეგიონული კონფლიქტი, გაუთვალისწინებელი შედეგებით. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს კონფლიქტი უკვე აისახება ენერგეტიკაზე, ფინანსებზე, ტრანსპორტზე და ვაჭრობაზე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში აჩენს ეგზისტენციალურ კითხვებს წესებზე დამყარებული საერთაშორისო სისტემის მომავალთან დაკავშირებით.

„ევროპა მეტად აღარ შეიძლება იყოს ძველი მსოფლიო წესრიგის დამცველი, იმ მსოფლიოსი, რომელიც გაქრა და აღარ დაბრუნდება. ჩვენ ყოველთვის შევინარჩუნებთ და დავიცავთ წესებზე დამყარებულ სისტემას, რომელიც მოკავშირეებთან ერთად ავაშენეთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამ სისტემას ვეღარ დავეყრდნობით ჩვენი ინტერესების დასაცავად. ჩვენ ვერ ჩავთვლით, რომ ეს სისტემა დაგვიცავს კომპლექსური საფრთხეებისგან, რომლის წინაშეც ვართ. ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენი ევროპული გზა და ვიპოვოთ ახალი გზები პარტნიორებთან თანამშრომლობისთვის. მეორე, რაც აუცილებელია, ჩვენ უნდა შევხედოთ მკაფიოდ და მკაცრად ჩვენს საგარეო პოლიტიკას დღევანდელ მსოფლიოში. მათ შორის, თუ როგორი ხდება ამ პოლიტიკის ფორმირება და გატარება. ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება დაფიქრება, რამდენად არის ჩვენი დოქტრინა, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების პროცესები – რომელთა ფორმირებაც მოხდა ომის შემდგომი სტაბილურობისა და მულტილატერალიზმის დროს – დღეს მიმდინარე ცვლილებებთან შესაბამისი, რამდენად არის ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა – შექმნილი თავისი კეთილი განზრახვებით, კონსენსუსებით და კომპრომისებით – დღეს ხელშემწყობი, თუ პირიქით დამაბრკოლებელია ჩვენი სანდოობისა, როგორც გეოპოლიტიკური აქტორისა“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

89