რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა.
მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი გაძლიერების, ასევე კეთილმეზობლური, მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის განცხადებით, ეს არის მასშტაბური პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც 47 გვერდისგან შედგება. ერთობლივი განცხადება ასახავს რუსეთსა და ჩინეთს შორის მრავალმხრივი კავშირების მთელი კომპლექსის განვითარების ძირითად გზებს, საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების საერთო ხედვას და განსაზღვრავს მოსკოვისა და პეკინის ურთიერთობების ძირითად ფორმატებს გლობალურ საკითხებში.