
სატარიფო პაუზით გამოწვეული აქციების ზრდის შედეგად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მთლიანი ქონება 304 მლრდ დოლარით გაიზარდა, რაც Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდაა.
Bloomberg-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ზოგიერთი სავაჭრო პარტნიორისთვის ტარიფების 90 დღით შეჩერების შესახებ გამოაცხადა, S&P 500-ინდექსმა 2008 წლიდან 9 აპრილამდე პერიოდში ყველაზე დიდი ზრდა აჩვენა, ხოლო Nasdaq Composite-მა ადრინდელი ზარალი, ასევე, აანაზღაურა და 24 წელზე მეტი ხნის პერიოდის ყველაზე დიდი ზრდა განიცადა.
ყველაზე დიდი ინდივიდუალური მოგება Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორ ილონ მასკმა ნახა, რომლის ქონებაც 36 მლრდ დოლარით გაიზარდა. Facebook-ის დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგმა 26 მლრდ დოლარი, ხოლო Nvidia Corp.-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა, იენსენ ჰუანგმა 15.5 მლრდ დოლარი მოიგო, რადგან ჩიპების მწარმოებლის აქციები 13%-იანი ერთკვირიანი კლების შემდეგ 19%-ით გაიზარდა.
Bloomberg წერს, რომ “9 აპრილს სიმდიდრის საერთო ზრდამ წინა, 233 მლრდ დოლარის ოდენობის რეკორდი მოხსნა, რომელიც 2022 წლის მარტში მას შემდეგ დამყარდა, რაც ფედრეზერვის თავმჯდომარე ჯერომ პაუელმა საპროცენტო განაკვეთები წლების განმავლობაში პირველად გაზარდა.“
ცნობისთვის: 2 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 211 ქვეყნისა და ტერიტორიის იმპორტზე 10-50%-იანი ტარიფების დაწესებიდან მეორე დღესვე მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში 208 მლრდ დოლარი დაკარგა.