ირანისკენ კიდევ ერთი ლამაზი არმადა მიემართება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი შეთანხმებას დადებს.
„ივნისში, ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩის“ ფარგლებში ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი, ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა. ახლა ირანისკენ კიდევ ერთი ლამაზი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, გასულ კვირას ტრამპმა Air Force One-ში მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება ირანს და „ამ მიმართულებით მიმავალი უზარმაზარი ფლოტი“ ჰყავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა იგულისხმა ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში 26 იანვარს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.