
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო ტარიფები ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული უფრო მაღალი ტარიფები, რომელთაც აშშ-თან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, ოფიციალურად ამოქმედდა.
დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საპასუხო მაღალი ტარიფები 11%-დან 50%-მდე მერყეობს, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა პეკინის წინააღმდეგ ტარიფები 104%-მდე გაზარდა.
ჩინეთის წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გარდა, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ევროკავშირს - 20%-იანი ტარიფები დაუწესდა, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე დაწესებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები შაბათს, 5 აპრილს ამოქმედდა.