janmedi
ავერსი ნემო

უკრაინამ და ევროკავშირმა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების კიდევ ერთი, მე-6 კლასტერი გახსნეს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო ავრცელებს. 

„დღეს, ევროკავშირმა და უკრაინამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს გაწევრიანების პროცესში, ე.წ. „საგარეო ურთიერთობების“ კლასტერზე (მე-6 კლასტერი) მოლაპარაკებების გახსნით. ეს არის ძირითადი თემატური ჯგუფი ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩოში, რომელიც განსაზღვრავს პარამეტრებს, თუ რამდენად შესაბამისობაშია კანდიდატი ქვეყნების საერთაშორისო, სავაჭრო და თავდაცვის პოლიტიკა ევროკავშირთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკავშირის საბჭო განმარტავს, რომ „საგარეო ურთიერთობები“ მოლაპარაკებების ორ დამოუკიდებელ თავს მოიცავს: საგარეო ურთიერთობებსა და საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგარეო ურთიერთობების თავი მოიცავს ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკას, ჰუმანიტარულ დახმარებასა და განვითარების სფეროში თანამშრომლობას. ის კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვს ევროკავშირის სავაჭრო კანონმდებლობასთან, საერთაშორისო ვალდებულებებსა და შესაბამის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის თავი მოიცავს ევროკავშირის საერთო საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პოზიციებთან, პოლიტიკურ განცხადებებთან, სანქციებსა და სხვა შემზღუდავ ზომებთან შესაბამისობას.

ევროკავშირმა ასევე განსაზღვრა კრიტერიუმები, რომლებიც ამ თავების მომავალში დროებით დახურვისთვის უნდა შესრულდეს.

„ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შესაბამის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და მათი განხორციელების მიმართულებით მიღწეული პროგრესის მონიტორინგი მოლაპარაკებების მთელი პროცესის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

99