gorgia
ავერსი legi

რუსები არიან ადამიანები მეხსიერებისა და სინდისის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის მე-40 წლისთავზე ისაუბრეს.

პრეზიდენტებმა პარალელები გაავლეს საბჭოთა რეჟიმის წარუმატებლობასა და უკრაინაში რუსეთის ამჟამინდელ ქმედებებს შორის. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპას მაქსიმალური ერთიანობისა და კოორდინირებული მოქმედებისკენ მოუწოდა.

„2022 წელს რუსები ჩერნობილში მოვიდნენ, ჩვენი სადგური დაიკავეს, ის თავიანთი ომის პლაცდარმად აქციეს და აჩვენეს, რომ საერთოდ ვერ გამოიტანეს ვერანაირი დასკვნა და ვერაფერი გაიგეს საბჭოთა შეცდომებიდან. ისინი არიან ადამიანები მეხსიერებისა და სინდისის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი, რუსეთის ყველა მეზობელი, ყველა ევროპელი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად გაერთიანებული, ვიმოქმედოთ კოორდინირებულად, გავიგოთ ჩვენი ინტერესები, რომლებიც საერთოა – უსაფრთხოების, ეკონომიკური, ენერგეტიკული და ყველა სხვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მაია სანდუს განცხადებით კი, 1986 წლის კატასტროფა მუდმივი შეხსენებაა, რომ ავტორიტარული რეჟიმების მიერ შექმნილი საფრთხეები ეროვნულ საზღვრებს არ აღიარებს.

„ორმოცი წლის წინ, ჩერნობილის კატასტროფამ მთელ კონტინენტს შეახსენა, რომ ავტორიტარული რეჟიმის საფრთხე საზღვრებით არ მთავრდება. საბჭოთა რეჟიმმა იცოდა, რა მოხდა და ამის დამალვა გადაწყვიტა, მაშინ, როცა რადიაცია მთელ ევროპაში გავრცელდა და მილიონობით ადამიანი საფრთხეში ჩააგდო. ჩერნობილმა გამოააშკარავა საბჭოთა რეჟიმის ზიზღი ადამიანის სიცოცხლის მიმართ. მას შემდეგ კრემლში ცოტა რამ შეცვლილა. იგივე ზიზღი ჩანს რუსეთის დღევანდელ ქცევაში. და მაინც, ამის წინაშე უკრაინა იბრძვის, უკრაინა ინოვაციებს ახორციელებს, უკრაინა მტკიცედ დგას“, – აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

76