
უკრაინელების დაახლოებით 82% თვლის, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ არ უნდა დათმოს ტერიტორიები. ინფორმაციას BBC კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა არ უჭერს მხარს ტერიტორიული მთლიანობის დათმობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს გაახანგრძლივებს ომს და უკრაინის დამოუკიდებლობის საფრთხეებს გაზრდის.
გამოკითხული 2 000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია, ხოლო 8%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ასევე, გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% მიწის ნებისმიერ დათმობას ეწინააღმდეგება.