golden brand
ავერსი ნემო

უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ იზღუდება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, ცვლილება 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები 1 000 000 ლარამდე მოცულობის სესხებსა და საბანკო კრედიტებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, ლარში გასცემენ.

შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 1 მლნ ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციით, ლარით გაცემულად არ ჩაითვლება ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შეზღუდვა არ გავრცელდება რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაზე, მათ შორის მაშინ, როდესაც:

სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები კონკრეტული გამსესხებლის მიმართ 1 მილიონ ლარს აჭარბებს;
მსესხებელი საქართველოს მოქალაქე არ არის ან საქართველოში არარეგისტრირებული იურიდიული პირია;
სესხი სრულად არის უზრუნველყოფილი იმავე ვალუტაში არსებული ფულადი სახსრებით;
მსესხებელი სესხის მომსახურებისთვის საკმარის შემოსავალს სრულად იღებს შესაბამის უცხოურ ვალუტაში;
ხდება არსებული სესხის იმავე ვალუტაში რეფინანსირება ან რესტრუქტურიზაცია და არ იზრდება ვალდებულების მოცულობა.
მნიშვნელოვანია, რომ ბრძანება ასევე ვრცელდება ფიზიკურ პირ თავდებებზე და გარკვეულ შემთხვევებში საბანკო გარანტიისა და აკრედიტივის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებებზეც.

ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება ეროვნული ბანკის 2025 წლის 21 ივლისის ბრძანება, რომელიც 750 000 ლარამდე სესხების ლარში გაცემას არეგულირებდა. ახალი წესით, აღნიშნული ზღვარი 750 ათასი ლარიდან 1 მილიონ ლარამდე იზრდება.

დოკუმენტის მიხედვით, ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა ჯერ კიდევ მაისში მიიღო, რაც სებ-ის პრეზიდენტმა 15 ივნისით დათარიღებული ბრძანებით დაადასტურა.

58