gorgia
ავერსი legi

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 3 პუნქტი 71 550 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საუბარია სავალუტოებზე : შპს „აკო“, შპს „დავითი“ და შპს „სმ სერვისი“. ამათგან შპს „აკო“ დაჯარიმდა 20 400 ლარით, შპს „დავითი“ – 49 050 ლარით, ხოლო შპს „სმ სერვისი“ – 2 100 ლარით.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ დაჯარიმდა თითოეული საფინანსო ობიექტი, ეროვნული ბანკი შემდეგნაირად განმარტავს:

შპს „აკო“-ს - „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარუდგენლობის 16 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 1,600 ლარი;

„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 და მეტი სამუშაო დღის დაგვიანებით წარუდგენლობის 6 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 1,800 ლარი;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტს შემოწმების დაწყების თარიღისათვის ერთ კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2,000 ლარის ოდენობით;

კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. დოკუმენტი ხასიათდება მნიშვნელოვანი ხარვეზებით. ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს, ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, აღნიშნული სავალუტო ჯამში 20 400 ლარით დაჯარიმდა.

შპს „დავითი“- ვალუტის გადამცვლელი პუნქტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2017 წლის 15 მაისს. მიუხედავად ვალდებულებისა (რომ აღრიცხვის შევსებული ფორმა საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში უნდა წარადგინოს), ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა პირველადი აღრიცხვის ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში წარადგინა დაგვიანებით, 2025 წლის 31 მაისს, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;

„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 15 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. სულ 30,000 ლარი;

კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 3 შემთხვევა, რაც ჯარიმის ითვალისწინებს დაჯარიმებას 2,000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. სულ 6,000 ლარი;

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას. რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 3,000 ლარის ოდენობით;

ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისთვის დანერგილი პროგრამული (ელექტრონული) სისტემა მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებს. კერძოდ, ვერ უზრუნველყოფს საეჭვო/უჩვეულო/დანაწევრებული გარიგებების გამოვლენას, აგრეთვე ვერ ახდენს ყველა ფიზიკური და იურიდიული პირის გადამოწმებას სანქციადაკისრებულ და პოლიტიკურად აქტიურ პირთა სიებში, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 10,000 ლარის ოდენობით.

შედეგად, სავალუტო პუნქტი ჯამში 49 050 ლარით დაჯარიმდა.

შპს „სმ სერვისი“ - „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

კლიენტის საქმიანობის არსის დაუდგენლობის 1 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებაში.

შესაბამისად, აღნიშნული სავალუტო ჯამში 2100 ლარით დაჯარიმდა.

109