
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას, – ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, აპრილში მარეგულირებელმა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 266.4 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა აპრილის მდგომარეობით 4.52 მლრდ დოლარს შეადგენს.
„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.
ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა, მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 101.7 მილიონი აშშ დოლარი, აპრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა – 266.4 მილიონი აშშ დოლარი“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 ივნისს გამოაქვეყნებს.