
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „მისო ლიდერკრედიტი“ 5 სხვადასხვა დარღვევისთვის 46 100 ლარით დააჯარიმა.
სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტი შემდეგი დარღვევებისთვის დაჯარიმდა:
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ წარუდგენლობის 2 ფაქტი, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის - სულ - 4,000 (ოთხი ათასი) ლარი.
მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის 1 ოპერაციის დაგვიანებით გადაცემა, 5 სამუშაო დღემდე, 1 (ერთი) ფაქტი, რაც ჯარიმის წესის მე–3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 1 (ერთი) შემთხვევისათვის - სულ - 100 (ასი) ლარი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შემოწმების პერიოდში გამოთხოვილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 3 (სამი) შემთხვევა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე, ხოლო, ნახსენები დარღვევის სამი შემთხვევისათვის, სულ - 6,000 (ექვსი ათასი) ლარი;
7 კლიენტთან მიმართებაში დაირღვა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ არ განახორციელა კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით თითოეულ კლიენტთან მიმართებაში. ხსენებული დარღვევის შვიდი შემთხვევისათვის, სულ - 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი;
მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შემოწმების დაწყების თარიღისათვის 5 (ხუთი) კლიენტთან მიმართებაში რისკის მინიჭება/გადაფასება, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა პოლიტიკა/პროცედურებით განსაზღვრული შესაბამისი რისკფაქტორების გათვალისწინების გარეშე არის განხორციელებული. რაც ჯარიმის წესის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. ხსენებული დარღვევის ხუთი შემთხვევისათვის, სულ - 15,000 (თხუთმეტი ათასი) ლარი;
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „მისო ლიდერკრედიტი“ 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის 100%-იან წილს საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ტიტალ დასენი ფლობს. ტიტალ დასენი პარლამენტის მოქმედი დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრის ისკო დასენის შვილია.