jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ანგარიშში სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6223-დან 2.6454-მდე, ანუ 0.9%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 2.8617-დან 2.8303-მდე, ანუ 1.1%-ით გამყარდა. თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6783 და 2.8422 შეადგინა.

სექტემბერში ლარისა და დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 2.6879, ხოლო მინიმალურმა 2.6234 შეადგინა.

„სექტემბერში გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურთან შედარებით ორჯერ მეტად იყო გადახრილი. სექტემბერში, საშუალოდ, დოლართან მიმართებაში შესამჩნევია ევროს, რუსული რუბლის და ლარის გაუფასურება, შედარებით მცირედით გაუფასურდა სომხური დრამი და თურქული ლირა, ხოლო აზერბაიჯანული მანათი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ლარის ნომინალური და რეალური ეფექტური გაცვლითი კურსები წლიურად გამყარებას განაგრძობს. სექტემბერში წლიურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი – 10.0%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 23.6%-ით გამყარდა. რაც შეეხება თვიურ ტენდენციას, წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 0.7%-ით გაუფასურდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. სავაჭრო პარტნიორთაგან სექტემბერში წლიური ინფლაცია თურქეთში, უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ევროზონაში, აშშ-სა და ბელარუსში საქართველოზე მაღალი იყო, ხოლო დაბალი – სომხეთში. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებში კლების ტენდენცია შეინიშნება, თუმცა ჯერ ისევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

154