
რიკოთის დარჩენილ 4 კმ-იან მონაკვეთზე (ჩუმათელეთი-ხევი) გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 4 კმ-იანი მონაკვეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებაზე 2 ზოლიანი გზის მშენებლობა მალე დასრულდება.
„დასრულებულ 2 ზოლზე დროებით გადაერთვება ორივე მიმართულების სატრანსპორტო მოძრაობა და დაიწყება ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოები, სადაც მოეწყობა 3 ზოლიანი გზა და 5 ახალი ხიდი.
ძველი გზის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების დასრულების შემდეგ, რიკოთის 52 კმ-იანი მაგისტრალური გზა სრულად იქნება გახსნილი ავტოტრანსპორტისთვის.
რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სულ შენდება 52 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალური გზა, 51 გვირაბითა და 97 ხიდით. ამ დროისათვის, ტრანსპორტი უკვე ისარგებლებს ახალი 4 ზოლიანი გზის 48 კმ-ით (49 გვირაბითა და 88 ხიდით),“ - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.