ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, დედობა და ბავშვის დაბადება კომერციული გარიგების საგანი არ უნდა იყოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს მთავარი ვალდებულება ქალთა ღირსების, ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვაა.
ამის შესახებ ლომინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუროგაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი შეფასებით, დაუშვებელია ისეთი პრაქტიკა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს.
„ჩვენ ვთვლით, რომ მედიცინის თანამედროვე მიღწევები და რეპროდუქციული შესაძლებლობები დედობა და ბავშვის დაბადება არ უნდა იქცეს კომერციული გარიგების საგნად. დაუშვებელია ისეთი პრაქტიკის არსებობა, რომელიც ქალის სხეულს ეკონომიკური ინტერესების ობიექტად აქცევს ან ბავშვის დაბადებას მომსახურების ბაზრის ნაწილად განიხილავს“, — განაცხადა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარემ სუროგაციის სფეროსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი ინფორმაციით, საქართველოში სუროგაციის შესახებ კანონი პირველად 1997 წელს მიიღეს, ამ გზით დაბადებული პირველი ბავშვი კი 2007 წელს დაიბადა. ამჟამად ქვეყანაში სუროგაციის მომსახურებას 26 დაწესებულება სთავაზობს მომხმარებელს. ლომინაძის თქმით, ამ სერვისით მოსარგებლეთა უმრავლესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
მისივე ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე სუროგაციის გზით დაახლოებით 13 100 ბავშვი დაიბადა. ამასთან, სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მაჩვენებელი 2019 წელს დაახლოებით 400 იყო, 2026 წლის მონაცემებით კი ეს რიცხვი თითქმის 3 000-ს უახლოვდება.
ლომინაძის განცხადებით, სუროგაციის სფეროში არსებობს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევის, ტრეფიკინგისა და ეთიკური ხასიათის რისკები. მან ყურადღება გაამახვილა იმ შემთხვევებზეც, როდესაც ხელშეკრულების ხელმომწერი პირი სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვზე უარს ამბობს და ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში ხვდება.
„სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი, ანუ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. სადღეისოდ დღეს სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი“, — განაცხადა ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა პარტიამ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივა კიდევ ერთხელ დააანონსა — ამჯერად შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება. ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე აკრძალვა არ იმოქმედებს და ამ სერვისით სარგებლობას როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეძლებენ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ახალ დოკუმენტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, კონკრეტული დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.