gorgia
ავერსი legi

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 15.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

აეროპორტებმა მიიღო 1.4 მილიონი მგზავრი, რაც 15.4 პროცენტით მეტია, ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.4 მილიონი მგზავრი, ანუ მაჩვენებელი 14.7 პროცენტითაა გაზრდილი.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.4 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 10.8 ათასი შეადგინა, რაც 15.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.5 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 93.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.0 პროცენტი – გაგზავნილი.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 82.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 247.2 ათასი მგზავრი და გადატანილია 35.0 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 21.0 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 49.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

97