gorgia
ავერსი legi

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციას 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყებს. 

როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ.

„აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის, 10:00 საათიდან 6 მაისის, 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასურის გადახდა, რათა მათ რეგისტრაციის დასრულება შეძლონ 11 მაისის, 18:00 საათამდე. აღნიშნულ პერიოდში მათ სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე, სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული და განსაზღვრონ მათი პრიორიტეტულობა. საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან/და გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“ რეგისტრაციის დაწყებამდე გამოაქვეყნებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, გამოცდებზე რეგისტრაციის ინსტრუქციას, საგამოცდო პროცედურებს, პროცესის ეტაპებს და წესებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს, პროცედურებს და პროცესის ყველა ეტაპი განსაზღვრულ ვადებში გაიარონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

118