დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში დარეგისტრირებულთა მაჩვენებლებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეგისტრირებულთა რაოდენობა არადამაკმაყოფილებელია.
"ჰაკერული შეტევების გამო პორტალი კვირა შუადღიდან ამუშავდა. დღეს დილისთვის სულ რეგისტრაცია 27 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა და აქედან „სინოფარმით“ 2 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ამ დროისთვის „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე 25 000-ზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და ეს რეგისტრაცია 19 ივლისამდეა გახსნილი. ჩვენ, დაახლოებით, 100 000 ადგილი გავხსენით რეგისტრაციისთვის, ჯერჯერობით, ეს აქტივობა არაა, მაგრამ პირველი დღის რეგისტრაციის მაჩვენებელი ცუდი არ არის. ჩაწერის დინამიკა თანდათანობით იმატებს, რაც პროგნოზისთვის კარგია.
ჩაწერის გარდა ვირტუალური კაბინეტებით 300-დან 400-მდე ადამიანი აიცრა. დღეს ბუქინგით 4 556 ადამიანია რეგისტრირებული, საიდანაც „სინოფარმზე“ - 3 156-ია, „სინოვაკზე“ - 1 196, „ასტრაზენეკაზე“ - 204. დიდი იმედი გვაქვს, კვირის განმავლობაში ზრდის დინამიკა გაიზრდება, მაგრამ ჩვენ ეს დინამიკა არ გვაკმაყოფილებს. ეს ცოტაა იმასთან შედარებით, რაც გვინდა და რაც კუმულაციური იმუნიტეტისთვის საჭიროა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოზე დაასახელეს რეკომენდაციები, რომლებიც რეგისტრაციის პროცესში აქტივობის გასაზრდელად სექტორების მიერ საინფორმაციო კამპანიების გააქტიურებას მოიცავს.
„საჭიროა, მეტი საინფორმაციო მუშაობა მოსახლეობასთან ადგილებზე, ცენტრიდან და ა.შ. დღეს კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც დააანონსა, რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შემოდგომისთვის აიცრან. სასურველია, შემოდგომას შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, სკოლებითა და ბაღებით. ისევე როგორც კერძო სექტორში, მაგალითად, საბანკო სექტორმა გამოიჩინოს აქტივობა აცრის მიმართულებით და ა.შ.“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.