gorgia
ავერსი legi

 საქართველოში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფები არ გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. შესაბამისად, ტარიფი შეუნარჩუნდებათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში "ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ელექტრო ენერგიის გამნაწილებელმა კომპანიებმა გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის 3 თვით გადავადებასთან დაკავშირებით. ვინაიდან, არ არის დაზუსტებული ელექტრო ენერგიის ბალანსები. ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს. აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ დროებითი ტარიფები. რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ელექტრო ენერგეტიკის სექტორში.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა. ამასთან დაკავშირებით ისედაც გავაკეთე განცხადება, რომ მცირედი კორექტირებები ხდებოდა ამ ნაწილში. ასე რომ, არც ელექტრო ენერგეტიკაში და არც ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება და იქნება შენარჩუნებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისათვის, ამ დროისთვის თბილისში მცხოვრები აბონენტები, რომლებიც ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ ერთ კილოვატში 15,041 თეთრს იხდიან.
101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 19.053 თეთრია, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 23.537 თეთრი.
რაც შეეხება რეგიონების, ანუ "ეპ ჯორჯიას“ მომხმარებლებს, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 14.731 თეთრს შეადგენს.101-301 კილოვატ საათის ჩათვლით მომხმარებლებისთვის ტარიფი 18.708 თეთრი, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლები ერთ კილოვატში 23.227 თეთრს იხდიან.
უცვლელი დარჩა ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფებიც. ამ დროისთვის მოქმედი ტარიფები თბილისსა და რეგიონებში ასე გამოიყურება: „თბილისის ენერჯი“ - კუბური მეტრის ფასი 53.971 თეთრი; „სოკარ ჯორჯია გაზი“ - კუბური მეტრის ფასი 56.928 თეთრი; „საქორგგაზი“ - კუბური მეტრის ფასი 56.990 თეთრი; „თელავგაზი“ - კუბური მეტრის ფასი 58.863 და ა.შ.
99