
„ელიავას“ ბაზრობის მიმდებარედ ოცი 21-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების შეთანხმების მიზნით თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს ორგანიზაცია „საქინვესტმა" მიმართა.
კერძოდ, დოკუმენტაციის თანახმად, რაფაელ აგლაძის ქუჩა N32ა-ში, 86 093 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზ იგეგმება სავარაუდოდ 20 შენობის განთავსება. მათგან ნაწილი იქნება პერიმეტრული განაშენიანების ტიპი, ხოლო ნაწილი - მაღლივი შენობები.
„ელიავას“ ბაზრობის მიმდებარედ ოცი 21-სართულიანი შენობა აშენდება
„მაქსიმალური სართულიანობა სავარაუდოდ იქნება 21 მიწისზედა სართული. ზემოაღნიშნული პერიმეტრული შენობები იქნება 6 მიწისზედა სართული. საპროექტოდ ტერიტორიაზე მოეწყობა ცენტრალური სკვერი, რომელიც სავარაუდოდ იქნება 7000 კვ.მ ფართობის. ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბულვარის მოწყობა, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადაკვეთს მთელ არეალს. საპროექტოდ ყველა ავტოსადგომი მოეწყობა მიწისქვეშ.
ჩვენი კონცეფციის მთავარი პრინციპი არის საპროექტო ტერიტორიის განვითარება არა კვარტალური მიდგომით, არამედ ერთიანი მყუდრო კომპლექსის შექმნა, რომელიც ვითარდება ცენტრალური ბულვარის ღერძის გასწვრივ. კონცეფციის მთავარი პრინციპი და პრიორიტეტი არის საფეხმავლო სივრცეების შექმნა, როგორსაც წარმოადგენს გამწვანებული ცენტრალური ბულვარი. აღნიშნული ბულვარი გრძივად კვეთს საპროექტო არეალს. ბულვარის მხარეს იგეგმება კომერციული სივრცეების მოწყობა, რომლებიც ჩვენი რწმენით უნდა გახდეს ახალი მიზიდულობის ცენტრი ქალაქში სხვადასხვა თაობის მოქალაქეებისთვის,“- აღნიშნულია გეგმარებითი დავალების დოკუმენტში.
რაც შეეხება „საქინვესტს“, კომპანიის 50-50%-იანი წილების მფლობელები ნიდერლანდებსა და კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიები GARDABANI HOLDINGS და „ბარგუზინო ენერჯი თრეიდინგ ლიმიტედი“ ფლობენ. თავის მხრივ GARDABANI HOLDINGS-ი, რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურ ხრამი-1-სა და ხრამი-2-ს მართავს, რუსული „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.