
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის დაასანქცირა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
„შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილის, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილის და „ოცნების“ ქმედებებმა დემოკრატიული ინსტიტუტები წაშალეს, დაუშვეს ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდეს საქართველოში ძირითადი თავისუფლებების განხორციელება.მათ გადაახვევინეს საქართველოს ევროატლანტიკური გზიდან, მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს.
შედეგად, საქართველო დაუცველი გახდა რუსეთის წინაშე, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას.
მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების” ქმედებებს მათ შორის საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციური ფიგურების მიმართ მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება იმიტომ მოხდა, რომ ის პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ ჩაერთო ან ჩართვა სცადა ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან მათი სახელით, ან მათი სარგებლისთვის, პირდაპირ ან არაპირდაპირ” - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.