ირანსა და უფრო ფართო რეგიონში მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით განცხადებაშია აღნიშნული.
საბჭო მხარეებს მოუწოდებს დეესკალაციისა და მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვისკენ და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების, სრული პატივისცემისკენ.
„საბჭო მხარეებს მოუწოდებს ენერგეტიკულ და წყალმომარაგების ობიექტებზე დარტყმებზე მორატორიუმის გამოცხადებისკენ. ევროპული საბჭო მწუხარებას გამოთქვამს მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაკარგვის გამო და ყურადღებით აკვირდება საომარი მოქმედებების ფართომასშტაბიან გავლენას, მათ შორის ეკონომიკურ სტაბილურობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ განურჩეველ სამხედრო დარტყმებს და გამოხატავს სოლიდარობას დაზარალებული ქვეყნების მიმართ.
„იგი მოუწოდებს ირანს და მის პროქსი ჯგუფებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები და პატივი სცენ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გაეროს უშიშროების საბჭოს 2817 რეზოლუციის შესაბამისად, რომელიც სრულად უნდა შესრულდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, საბჭო გმობს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციას ან ხელს უშლის გემებს ჰორმუზის სრუტეში შესვლასა და გასვლაში.
ევროკავშირის ლიდერები ხაზს უსვამენ რეგიონული საჰაერო სივრცის დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და პირობას დებენ, რომ ხელს შეუწყობენ დეესკალაციას.
საბჭო ასევე მიესალმება წევრი სახელმწიფოების მიერ გამოცხადებულ გაზრდილ ძალისხმევას ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭო „მზადაა, მოახდინოს თავისი დიპლომატიური, სამართლებრივი, ოპერატიული და ფინანსური ინსტრუმენტების მობილიზება, რათა თავიდან აიცილოს უკონტროლო მიგრაციული მოძრაობები ევროკავშირისკენ და შეინარჩუნოს უსაფრთხოება ევროპაში“.
“ევროკავშირი გააგრძელებს თანამშრომლობას რეგიონში პარტნიორებთან დეესკალაციისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშესაწყობად. ის მზადაა, წვლილი შეიტანოს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია დაძაბულობის შესამცირებლად და საომარი მოქმედებების დასრულების, ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილებისა და მისი დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების პროგრამისთვის, წერტილის დასმისკენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.