jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 ევროპარლამენტართა ჯგუფი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადების ავტორები არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებზე მომუშავე დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე თანამომხსენებელი სვენ მიქსერი.

როგორც ევროპარლამენტართა განცხადებაშია ნათქვამი, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით. ეს კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა გუშინ პირველი მოსმენით მიიღო, არის თავდასხმა დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე. ის შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, არ გაუცრუონ იმედები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს, იმუშაონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე საუბარია კანონპროექტის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციებზე.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ცნობებით სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტების დასაშლელად ძალის გამოყენების შესახებ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური უფლება და უნდა იქნას მკაცრად დაცული, განსაკუთრებით ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის განურჩეველი გამოყენება გაუმართლებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას, უზრუნველყოს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა და თავიდან აიცილოს ძალადობის ესკალაცია. ჩვენ ურყევ მხარდაჭერას ვუდასტურებთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და შევახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული შესაბამისი ნაბიჯები ჯერ კიდევ შესასრულებელია“, – ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

67