jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ქართველი ხალხის წინააღმდეგ მომართულ პოლიტიკურ ინსტრუმენტს ეძახის და აცხადებს, რომ ევროდეპუტატების მიზანი საქართველოს მოსახლეობაზე თავდასხმაა - ამის შესახებ პაპუაშვილმა მედიასთან დღეს ისაუბრა.

“ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტების, ამ შემთხვევაში რეზოლუციის, გამოყენება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მიზანი არის ერთადერთი: ევროპარლამენტარები თავად არიან, მაგალითად, ევროპის დემოკრატიის ფონდის მმართველ საბჭოში. ეს ის ფონდია, რომელიც საქართველოში მოლოტოვის კოქტეილების რომანტიზებასა და პარტიებს აფინანსებს ჩუმად.

სწორედ ამ დეპუტატების ინტერესებშია, რომ ეს ხარჯები დარჩეს დაფარული და ცდილობენ, საკუთარი შესაძლებლობა ევროპარლამენტში, ქართველ ხალხზე თავდასასხმელად გამოიყენონ”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას და ვიზალიბერალიზაციას არაფერი ემუქრება, რეზოლუცია კი მხოლოდ მანდატამოწურული დეპუტატების “ბოლო გაბრძოლებაა”.

“რა თქმა უნდა, რეზოლუციას არავითარი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ის თავდასხმაა ქართველ ხალხზე. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ ქართველი ხალხის მიმართ.

საქართველოს მოსახლეობას არაფერი ემუქრება, ეს არის რამდენიმე გაბრაზებული ევროდეპუტატის პწკენა ქართველი ხალხისთვის. რამდენიმე კვირაში ეწურებათ მათ მანდატები, ამიტომ ეს არის ბოლო გაბრძოლება იმისთვის, რომ ქართველ ხალხს თავს დაესხნენ”, - აცხადებს პაპუაშვილი.

გუშინ, 25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. 

67