
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით.
რეზოლუციის პროექტში, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ, „რაც გამოიხატება მასობრივ საპროტესტო აქციებში, რომლებიც გრძელდება ხელისუფლების მიერ სასტიკი რეპრესიების მიუხედავად“.
„ევროპარლამენტი კვლავ მზადაა დაეხმაროს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევაში; მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მშვიდობიანი მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების სისტემურ წამებას; მოითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სახალხო პროტესტების ჩახშობას, გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ; ევროკავშირი მოუწოდებს ძალადობის ყველა აქტის ეფექტურად და სანდოდ გამოძიებისკენ და დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემისკენ; გამოხატავს შეშფოთებას სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არარსებობის გამო, სადაც „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული მაღალი თანამდებობის მოსამართლეები აკონტროლებენ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებს“, - აღნიშნულია დოკმენტში.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გამოიყენა ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს, როგორც კანდიდატ ქვეყნას, მიეცა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის და აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციას კვლავ მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა;
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გაგრძელების და 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შედეგად, რაც წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმისკენ აშკარა გარდამტეხ წერტილს, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული გარანტიების შემდგომ უკანონო მიტაცებას და ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო აქტების სერიის მიღებას, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება; ეთანხმება ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეს უქმნის ევროკავშირისკენ საქართველოს გზას და მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, დაუბრუნდეს დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს და მოუწოდებს ევროკავშირს, სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს მისი ფინანსური აქტივები.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით შეიძლება, რომელიც მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით და საერთაშორისო და დამოუკიდებელი ადგილობრივი დამკვირვებლების მონიტორინგით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის ნამდვილ ნებას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი ხაზს უსვამს, რომ არ ცნობს „თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიამ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოაყალიბა და საქართველოს არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ დატყვევებულ სახელმწიფოდ მიიჩნევს.“