janmedi
ავერსი ნემო

ებრაული კულტურული მემკვიდრეობის ევროპული დღეების ფარგლებში, "ისრაელის სახლის" (Israeli House) ორგანიზებით, თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის მნიშვნელობას, ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის სახალხო დიპლომატიას და ხვალინდელ კავშირებს მიეძღვნა. 

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია,, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი უილიამ მასოლინი, კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, ინდოეთის ელჩი ამით კუმარ მიშრა, სტუმრები ისრაელიდან, სტუდენტები, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ახმეტელის თეატრის ხელმძღვანელი ირაკლი გოგია, ისრაელის თეატრალური დასის წევრები და საქველმოქმედო საქმიანობით გამორჩეული ისრაელის საერთაშორისო კომპანიის European Village-ს საოპერაციო დირექტორი (COO) ევგენია ლუშნიკოვა.

ღონისძიება გახსნა ისრაელის ელჩმა, რომელიც ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო. მისი თქმით, საქართველო საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ თანაარსებობდნენ საუკუნეების განმავლობაში ქართველები და ებრაელები მშვიდობით და ჰარმონიით. ეს სხვა საზოგადოებებისთვისაც შესანიშნავი მაგალითია. ამით საქართველოს შეუძლია იამაყოს. "ეს ისტორიაა, მაგრამ ჩემთვის, როგორც ისრაელის ელჩისთვის ეს არის საფუძველი ისრაელსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის მეგობრობის გაღრმავებისთვის. ველი, რომ ამ ისტორიულ საფუძველზე  ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო კარგ ურთიერთობებს ავაშენებთ", - განაცხადა ისრაელის ელჩმა. მისივე თქმით, მიუხედავად მსოფლიოში ისრაელის წინააღმდეგ  აგორებული დეზინფორმაციისა, სიმართლე საბოლოოდ გაიმარჯვებს", - განაცხადა ისრაელის ელჩმა.
მან მადლობა გადაუხადა "ისრაელის სახლის” ხელმძღვანელს იციკ მოშეს სახალხო დიპლომატიაში გაწეული საქმიანობისთვის.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრის მოადგილემ ნათია შამათავამ აღნიშნა: „საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო და რჩება ქვეყნად, სადაც სხვადასხვა კულტურა, რელიგია და ტრადიცია ჰარმონიულად თანაარსებობს. ებრაული ტრადიციები, ხელნაწერები, არქიტექტურა, მუსიკა და ყოველდღიური ცხოვრების კულტურა, ჩვენი საერთო მემკვიდრეობაა, რომელიც დაცვას, შესწავლასა და პატივისცემას იმსახურებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მხოლოდ წარსულის შენარჩუნება არ არის, ეს არის აწმყოსა და მომავლის მიმართ პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, საქართველოს კულტურის სამინისტრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა ეთნიკური და რელიგიური თემის კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას".

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ. მისი თქმით, რომ წარსულის გახსენებასა და მისი მემკვიდრეობის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მეორე მხრივ, იგი ასევე ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის გზით, სახელმწიფოებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას და ძირითადად მომავალ თაობების თანამშრომლობის საფუძვლის შექმნას და გაძლიერებას.

იციკ მოშემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებაში ახალგაზრდობის ჩართულობას და გაიხსენა ისრაელში ა.წ. ზაფხულში ქართველი სტუდენტების ვიზიტი და ისრაელელ ახალგაზრდებთან მათი შეხვედრები.

მან ყურადღება გაამახვილა გლობალურ მიზნებსა და ტურიზმის მზარდ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ „3000-წლიანი ბიბლიური მარშრუტი“, რომელიც კულტურულ მემკვიდრეობაზეა დაყრდნობილი, დამატებით ტურისტულ ნაკადებს იზიდავს ისრაელიდან და ევროპიდან. ისრაელთან თანამშრომლობით ტურიზმის სფეროში საერთო კონტრიბუციამ უკვე დაახლოებით 600 მილიონ დოლარს მიაღწია.  ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობის გაძლიერებით, საქართველოს ეკონომიკაში 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი შესაძლოა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს.

ღონისძიებაზე ასევე ითქვა, რომ ევროპის საბჭო ხელს უწყობს კულტურათაშორის დიალოგს, ურთიერთგაგებასა და ევროპის საერთო კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს AEPJ-ს, ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ევროპულ ასოციაციას. 

წელს „ისრაელის სახლმა“ ღონისძიების მთავარ გზავნილი იდეა LOVE მოარგო და შექმნა სლოგანი: „გვიყვარს მომავალი და გვახსოვს წარსული“. ეს გზავნილი აერთიანებს ისტორიულ მეხსიერებასა და მომავალზე ორიენტირებულ ხედვას და კულტურასა და მემკვიდრეობას ხალხებსა და ქვეყნებს შორის სახალხო დიპლომატიის მნიშვნელოვან ინსტრუმენტად წარმოაჩენს.

„ისრაელის სახლმა“ რომელიც კულტურის სამინისტროს მიერ შეირჩა 2017 წელს, რათა წარმოადგინოს ევროპაში საქართველოს ებრაული კულტურული მეკვიდრეობა, ამ წლის პროგრამა მოარგო როგორც წარსულს, ხვალინდელ დღეს, ევროპული ებრაული კულტურის დღეების სულისკვეთებას, ისე ევროპის საბჭოს ხედვას, რომელიც ებრაულ კულტურას ევროპული ცივილიზაციის განუყოფელ ნაწილად განიხილავს.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა European Village-ს საოპერაციო დირექტორი (COO) ევგენია ლუშნიკოვა. მისი თქმით, კომპანია "ისრაელის სახლის"  პარტნიორია ყველა საქმეში, კულტურის სფეროში კი, საქართველო-ისრაელის კავშირების აქტიური მხარდამჭერია.

ღონისძიებაზე გავიდა "ისრაელის სახლის" მიერ მომზადებული კლიპი - "ისრაელის სახლის" ახალი ხედვა ბილატერალური სახალხო დიპლომატია და კულტურათა დიალოგი.

მასში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში არსებული ანტისემიტიზმი ეს იმ ქვეყნების პრობლემაა, სადაც ხდება მისი კულტივირება, ვინაიდან ასეთი ქვეყანა ვერასოდეს გახდება ცივილიზებული და წარმატებული. ასევე საუბარი შეეხო კულტურულ პროექტებს, რომელიც გაისად ისრაელში ერთობლივად განხორცელდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ღონისძიების დასაწყისში ქართველმა მომღერალმა ია ჩანტლაძემ ებრაული სიმღერა “Avinu Malkenu”, ხოლო დასასრულს ისრაელის და საქართველოს ჰიმნები შეასრულა.

გვიყვარს მომავალი, გვახსოვს წარსული — და ამ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ვქმნით მომავალს.

133