ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ,- ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ამასთან, იუკნევიჩიენე აქციის ამსახველ ვიდეოს აზიარებს.
,,ძვირფასო ქართველებო, თქვენ საოცრებები ხართ, თქვენი ბრძოლა ევროპული საქართველოსთვის ჩვენც გვაძლევს შთაგონებას!”,- წერს იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ლოზუნგით „საქართველო ივანიშვილის გარეშე, საქართველო ევროპაა“, საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და აქციების დროს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა.
მანამდე მოქალაქეებმა სამი ლოკაციიდან საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ავლაბრის მეტროს ტერიტორიაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ორბელიანის მოედანზე, საიდანაც მარშით თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლეს.
დღევანდელი აქცია მიეძღვნა 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.