jan-medi
ავერსი საქკაბელი

 “ჯივიპიმ” წყალმომარაგების სისტემის მართვის ევროპული მოდელის დანერგვის მიმდინარე შედეგები და ტექნოლოგიური განახლებები წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას “ჯივიპი” ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიებაზე “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მენეჯმენტმა 2024 წლის განმავლობაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინვესტიციებსა და სარეაბილიტაციო პროექტებზე ისაუბრა.

ამავე ინფორმაციის თანახმად, “ჯივიპის” მფლობელმა, ესპანურმა კომპანია Aqualia-მ, 2023 წლის მეორე ნახევრიდან აქტიურად დაიწყო თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის ტექნოლოგიური განახლება და ევროპული სტანდარტების დანერგვა.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის 2024-2026 წლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უპრეცედენტო, 363 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც მოძველებული ქსელებისა და ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად სისტემის ტექნოლოგიურად აღჭურვასა და მოდერნიზებას მოხმარდება.

„საზოგადოებას ტრადიციულად გავუზიარეთ ინფორმაცია წყალმომარაგების სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისა და პროექტების შესახებ. გვსურს, რომ ჩვენი საქმიანობის შესახებ ყოველთვის იყოს საზოგადოება ინფორმირებული. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს წყალმომარაგების სფეროში უპრეცედენტო, 148 მილიონი ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. აღნიშნული თანხის ნახევარზე მეტი წყალმომარაგების ქსელების განახლებას, ხოლო დანარჩენი თანხა სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაციასა და სისტემის გაციფრულებას ხმარდება“, - განაცხადა „ჯივიპის“ გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

კომპანიის ინფორმაციით, 2024 წელს წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე უკვე დასრულდა 67 და აქტიურად მიმდინარეობს 24 სარეაბილიტაციო პროექტი. სამუშაოების ფარგლებში თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში ჯამში 89 კილომეტრი სიგრძის ქსელი განახლდება.

მოძველებული ქსელების განახლების პარალელურად, საოპერაციო მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ჯივიპი აგრძელებს წყალმომარაგების სისტემის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მოდერნიზებას. მათ შორის აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის ზონირების პროექტი, რომელიც წყლის საერთაშორისო ასოციაციის (IWA) სტანდარტის შესაბამისად ინერგება და წყლის რესურსების ოპტიმალურ მართვასა და დანაკარგების შემცირებას ემსახურება. ზონირების პროექტი გულისხმობს ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მიკროზონებად დაყოფას და თითოეულ ზონაში თანამედროვე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების მონტაჟს. პროექტის შედეგად წყლის დანაკარგების შემცირებისა და ქსელში წნევის რეგულირების პარალელურად, მნიშვნელოვნად შემცირდება ქსელების ავარიულად დაზიანების რისკი და წყალმომარაგების შეზღუდვის არეალები, რაც ჯივიპის მომხმარებელს მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესებს.

2024 წელს წარმატებით დასრულდა ზონირების საპილოტე პროექტები ქალაქ რუსთავში, მცხეთასა და თბილისის ზედა ზონებში და შედეგად ჯამში 10 მილიონ კუბურ მეტრამდე მოცულობის წყალი დაიზოგა.

წყალმომარაგების სისტემის გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პროცესში აქტიურად ინერგება წყალმომარაგების ქსელის დისტანციური მონიტორინგის, მონაცემების უწყვეტ რეჟიმში მიღებისა და ქსელის დაზიანების შესახებ ადრეული შეტყობინების ტექნოლოგიები.

თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობისთვის წყალმომარაგების სერვისის გასაუმჯობესებლად Aqualia აქტიურად განაგრძობს 10 წლიანი სამოქმედო გეგმის აღსრულებას, ჯივიპიში ევროპული სტანდარტების დანერგვასა და მოძველებული ქსელებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციას.

60