gorgia
ავერსი legi

ჯივიპის მფლობელმა, წყლის რესურსების მართვის სფეროში წამყვანმა საერთაშორისო კომპანია Aqualia-მ, აშშ-ში, ქალქ კორპუს კრისტის მერიასთან სტრატეგიული კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ქალაქის წყალმომარაგების სისტემის ფუნდამენტურ განახლებას ითვალისწინებს. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 175 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მიზნად ისახავს რეგიონში არსებული მწვავე გვალვის შედეგების დაძლევას. ამ დროისთვის ადგილობრივ რეზერვუარებში წყლის დონე კრიტიკულ, 7.8%-იან ნიშნულამდეა შემცირებული, რაც ალტერნატიული წყაროების მოძიებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს ხდის.

თანამშრომლობის ფარგლებში, O.N. Stevens-ის მუნიციპალურ ობიექტზე აშენდება თანამედროვე წყლის გამტკნარების ნაგებობა. სისტემა თანამედროვე ტექნოლოგიით მლაშე წყალს სასმელ წყლად გარდაქმნის და დღეში 80,611 კუბური მეტრის წარმოებას შეძლებს. Aqualia პასუხისმგებელი იქნება პროექტის სრულ ციკლზე - დაპროექტებიდან და მშენებლობიდან დაწყებული, 5-წლიანი ოპერირებით დასრულებული. ობიექტი დაჩქარებული ტემპით ამოქმედდება: სასმელი წყლის მიწოდება პირველივე წელს დაიწყება, ხოლო სრულ სიმძლავრეს სისტემა 24 თვეში მიაღწევს.

როგორც Aqualia-ს ევროპისა და ამერიკის დირექტორმა, ხოსე მიგელ ხანისესმა აღნიშნა, წყლის მდგრადობა თანამედროვე ინფრასტრუქტურის უმთავრესი გამოწვევაა და კომპანია მზადაა, საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების დასანერგად გამოიყენოს. ეს პროექტი ქალაქ კორპუს კრისტისთვის კლიმატური რისკებისგან დამოუკიდებელ წყლის რესურსს შექმნის, Aqualia-სთვის კი ჩრდილოეთ ამერიკის სტრატეგიულ ბაზარზე პოზიციების გამყარების მორიგი ნაბიჯი იქნება.

73