
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ - რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ - ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
თბილისი-რომი- თბილისის რეისის გახსნასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი მეზვირშვილმა, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ღვთისიაშვილმა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა, “ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ “ჯორჯიან ეარვეისის” ხელმძღვანელი პირები, საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ და სტუმრებმა ადგილზე მყოფ ეკიპაჟის წევრებს პილოტის მსოფლიო დღე მიულოცეს, რომელიც დღეს, 26 აპრილს აღინიშნება.
“ჯორჯიან ეარვეისი” უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების მილანსა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით დაიწყო.