gorgia
ავერსი legi

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აქუალიას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, წარმატებით დაასრულა ბოდორნა-ღრმაღელის 40-კილომეტრიანი სტრატეგიული გვირაბის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია დედაქალაქის 225 000 ოჯახის უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგებისთვის.

„ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბი წარმოადგენს თბილისის წყალმომარაგების სისტემის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას. სწორედ მისი მეშვეობით ივსება თბილისის წყალსაცავი, რაც ღრმაღელისა და სამგორის საფილტრე სადგურების გამართული მუშაობის აუცილებელი პირობაა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი საგურამოდან ზაჰესის დასახლებამდე არსებულ 8-კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდა. ეს სეგმენტი საკმაოდ რთული გეოლოგიური რელიეფით გამოირჩევა - ცალკეულ ადგილებში გვირაბი მიწის ზედაპირიდან 120 მეტრის სიღრმეში გადის, რაც პროექტის შესრულებისას დამატებით ტექნიკურ გამოწვევებს ქმნიდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში კომპანიამ 600 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. სამუშაოების მასშტაბურობიდან გამომდინარე, რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა, რაც პროცესის მაქსიმალურ ეფექტურობას უზრუნველყოფდა.პროექტი 6 მარტს დაიწყო და ზუსტად ერთ თვეში 6 აპრილს დასრულდა. სამუშაოების ასეთ მჭიდრო ვადებში შესრულება გადამწყვეტია მსგავსი ტიპის სტრატეგიული ობიექტებისთვის, რათა მინიმალურ დროში მოხდეს სისტემის სრული აღდგენა და გარანტირებული იყოს ქალაქის სტაბილური წყალმომარაგება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ჯივიპის“ ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე აღნიშნავს, სარეაბილიტაციო პროცესს წინ უძღოდა 2025 წელს ჩატარებული კომპლექსური კვლევა, რომლის დროსაც გამოვლინდა დაზიანების კერები.

„სამომავლო ინციდენტებისა და არაგეგმური დაზიანებების თავიდან ასაცილებლად კომპანიამ დაგეგმა და ჩაატარა პრევენციული სამუშაოები. კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და დროული რეაბილიტაცია აუცილებელი პირობაა სისტემის მდგრადობისთვის. პროექტი „აქუალიას“ საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდა, რაც გულისხმობს სამუშაოების მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას. ჩვენი გუნდის მიერ გაწეული ძალისხმევა მიმართულია თბილისის მოსახლეობისთვის სტაბილური და საიმედო მომსახურების უზრუნველსაყოფად. “- აღნიშნავს გიგა ნადირაძე.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტის დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და „აქუალიას“ პასუხისმგებლობას - მართონ წყლის რესურსები ეფექტურად და უზრუნველყონ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

68